logo
ENG



რუსეთი შავ ზღვაში მარცვლეულით დატვირთული გემების მოძრაობას "მიუღებელს" უწოდებს

01 ნოე 202200:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/33qycmj3uk38ptm.png

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ოდესის პორტიდან დღეს გამოსული მარცვლეულით დატვირთული გემების შემთხვევას "მიუღებელს" უწოდებს.

"უსაფრთხოების დერეფნის გასწვრივ გემების მოძრაობა მიუღებელია, რადგან უკრაინის ხელმძღვანელობა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა მას იყენებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად.

ამჟამინდელი პირობებით, არ შეიძლება საუბარი რაიმე ობიექტის უსაფრთხოების გარანტიაზე მითითებული მიმართულებით, სანამ უკრაინული მხარე არ შეასრულებს დამატებით ვალდებულებებს - არ გამოიყენებს მარშრუტს სამხედრო მიზნებისთვის"- აცხადებენ სამინისტროში.

უწყება ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთი არ ტოვებს შეთანხმებას, ის მხოლოდ "დროებით აჩერებს" მონაწილეობას.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს.

უწყების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან ანექსირებულ სევასტოპოლში, შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მიიღეს. რუსეთის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან ტერორისტული თავდასხმა იყო. 

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის გემები, რომელსაც უკრაინა თავს დაესხა ჩართულები არიან შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვაში. რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა “ბრიტანელი სპეციალისტების” კოორდინაციით მოხდა. 

***

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.

27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა.

14 ოქტომბერს გაეროში რუსეთის ელჩმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა გაეროს შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის შესახებ საჩივრების წერილით მიმართა. ელჩის თქმით, შესაძლოა, რუსეთმა უარი თქვას მომდევნო თვეში მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შეთანხმებამ, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დაიდო, უკრაინას შესაძლებლობა მისცა, გაეგრძელებინა მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეუძლებელი გახდა. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვმა მიიღო გარანტიები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე. 

Reuters-თან ინტერვიუში გაეროში რუსეთის ელჩმა, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ ეს პირობა არ სრულდება და მოსკოვმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის საჩივრების სიაა.


close დახურვა